ბექა ძამაშვილი - შეიკრა მთლიანი წრე, რუსეთის პასუხისმგებლობა დგინდება, როგორც 2008 წლის ომამდე, ასევე ომის პირობებში და დღეს უკვე მთლიანად ოკუპაციის პერიოდზე
ბექა ძამაშვილი - შეიკრა მთლიანი წრე, რუსეთის პასუხისმგებლობა დგინდება, როგორც 2008 წლის ომამდე, ასევე ომის პირობებში და დღეს უკვე მთლიანად ოკუპაციის პერიოდზე

სტრასბურგმა დასაშვებად გამოაცხადა საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, რომელიც შეეხება განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არაერთ მასობრივ დარღვევას, ყველა მუხლი, რომელზეც საქართველოს ჰქონდა შეტანილი საჩივარი, სრულად დასაშვებად გამოცხადდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დგინდება როგორც 2008 წლის ომამდე, ასევე ომის პირობებში და დღეს უკვე განგრძობადად, ოკუპაციის პერიოდზე.

„საუბარია სიცოცხლის უფლებაზე, წამების აკრძალვაზე, უკანონო პატიმრობებზე, განათლების უფლებაზე, პირად და ოჯახურ ცხოვრებასა და ყველა იმ უფლებაზე, რომელიც განგრძობადად, მუდმივ რეჟიმში ირღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ყველა ამ დარღვევაზე დღეს ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად გამოაცხადა საქართველოს საჩივარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მოპოვებული არაერთი წარმატების შემდეგ დღეს უკვე დადასტურდა, რომ უკვე შეიკრა მთლიანი წრე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დგინდება როგორც 2008 წლის ომამდე, ასევე ომის პირობებში და დღეს უკვე განგრძობადად, მთლიანად ოკუპაციის პერიოდზე. შემდეგ ეტაპზე უკვე არსებითად განიხილავს ევროპული სასამართლო თითოეული ამ მუხლის ფარგლებში კონკრეტულ დარღვევებს. ფაქტობრივად, ეს დასაშვებობის გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში, ოკუპაციის მთელ პერიოდში ხდებოდა, მიეწერება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა რუსეთის არცერთი პოზიცია, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისი პასუხისმგებლობა არ არის აღნიშნული დარღვევები და სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს საჩივარი.

„ასევე, გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებზეც, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს ქართული მხარე. ევროპული სასამართლო ამ სამ შემთხვევას განიხილავს, როგორც მასობრივი დარღვევების კონკრეტულ გამოვლინებას. კონკრეტულად ამ სამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ის დამოუკიდებლად იმსჯელებს, რადგან ცალკე ინდივიდუალური საჩივრებია შეტანილი ევროპულ სასამართლოში. ამ ინდივიდუალურ საჩივრებშიც საქართველოს მთავრობა მესამე მხარედ ერთვება, სადაც საჩივრების სასარგებლოდ მტკიცებულებებს წარადგენს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად  დასაშვებად ცნო.