ბექა ძამაშვილი - საქართველოს მთავრობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსასრულებლად ყველა რესურსს გამოიყენებს  
ბექა ძამაშვილი - საქართველოს მთავრობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსასრულებლად ყველა რესურსს გამოიყენებს  

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება არამხოლოდ საქართველოს ინტერესებში შედის, არამედ ევროპის საბჭოს პრესტიჟს წარმოადგენს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ დროულად აღსრულდეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

„დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ძალაში სამ თვეში შევა და რუსეთს ამ სამი თვის შემდეგ ექნება კონკრეტულად ამ მოქალაქეებთან მიმართებით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება“, – განმარტა ბექა ძამაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.