ბექა ძამაშვილი - საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივარი რამდენიმე ეტაპს გაივლის
ბექა ძამაშვილი - საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივარი რამდენიმე ეტაპს გაივლის

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი ახალი საჩივარი რამდენიმე ეტაპს გაივლის.

„საჩივრის საფუძველზე სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე ეტაპად წარიმართება.უპირველესად, უნდა განისაზღვროს პალატის შემადგენლობა, რომელიც განიხილავს სასამართლოში ამ საქმეს. და ორი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება – მისაღებობის ეტაპი და დავის არსებითი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საჩივარს უპირველესად თავად სასამართლო შეისწავლის, შემდეგ რუსეთის ფედერაციას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები წარადგინოს ამ საჩივართან დაკავშირებით.

შემდეგ წერილობითი პოზიციების წარდგენა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად, რის ფარგლებშიც საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დამატებით წარადგინოს საკუთარი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ამ პირველად საჩივარს და არსებულ კითხვებზე გასცემს პასუხს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.