ბექა ძამაშვილი - სამწუხარო ფაქტი იყო, რომ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრებში იყო ისეთიც, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ
საქართველოს როდესაც უწევს სამართალწარმოების აქტიურ ფაზაში გადასვლა, ხვდება მოცემულობა, რომელსაც ემატება 3 300 საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია შეტანილი ეთნიკური ოსების მიერ. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ორკესტრირებით, თუმცა სამწუხარო ფაქტი იყო ისიც, რომ ამ საჩივრებში იყო ისეთიც, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მან მაგალითისთვის მოიყვანა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საქმე, „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც საქართველოს ედავებოდნენ ე.წ. გრადებით ცხინვალის დაბომბვას და ამის შედეგად ხალხის დაღუპვას.
„მაგალითისთვის შეიძლება ითქვას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი საქმე „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“. ეს იყო საქმე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ არ იყო, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, სადაც, საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ე.წ. გრადებით და ამის შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა. ეს მოცემულობა იყო, როდესაც უკვე იუსტიციის სამინისტროს ახალმა გუნდმა ჩაიბარა სამართალწარმოება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.