ბექა ძამაშვილი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატება იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა
ბექა ძამაშვილი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატება იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

მისი თქმით, „აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველო კვლავ საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს რეგიონში.

„ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორუფციის აღქმა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის საქართველოში. ეს მაჩვენებელი არის ევროკავშირის ფარგლებშიც კი, საშუალო მაჩვენებელი. რამდენადაც ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი გვაქვს ვიდრე ევროკავშირის წევრ ცხრა სახელმწიფოს და ეს ინდექსი შეიძლება იყოს ინდიკატორი იმ რეფორმების წარმატებისა, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ეს შეეხება საჯარო უწყებების გამჭვირვალობას, კორუფციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მართლმსაჯულების და პროკურატურის რეფორმას. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება გამახვილდეს საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, რამდენადაც ერთ-ერთი ინდიკატორი, რის მიხედვითაც, ეს კვლევა და რეიტინგი დგება არის სწორედ ბიზნესის სფეროში ჩართულ პირებთან გასაუბრება და ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ყველა ეს მაჩვენებელი საქართველოში გაუმჯობესებულია. ეს არ არის ერთჯერადი მიღწევა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო სტაბილურად აფიქსირებს ამ მონაცემს, რომ მსოფლიოში საუკეთესო 25 პროცენტში ხვდება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.