ბექა ძამაშვილი - გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს
ბექა ძამაშვილი - გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეპიზოდი რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას ადასტურებს.

„გორის ცენტრში „ისკანდერის“ ჩამოგდება ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. ეს ეპიზოდი რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას ადასტურებს; პირველ რიგში, იმას, რომ ბალისტიკური რაკეტა გამოყენებულ იქნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ქალაქის ცენტრი, რომელიც მთლიანად დაცლილი იყო სამხედროებისაგან. მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა იქ. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ომის დროს ხდებოდა მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობიან ობიექტებზე პირდაპირი თავდასხმები, და, ამასთან, ისეთი იარაღით, როგორიცაა „ისკანდერი“. ეს არის ძალიან დიდი სიზუსტის მქონე ბალისტიკური იარაღი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამიზნე იყო სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა.

ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მხარეს ცალმხრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები. შესაბამისად, თვითონ მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, დაწყებული აფეთქების მომენტით. გადაღებულია უშუალოდ აფეთქების მომენტი და შემდეგ გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტის დასკვნით, რომ ეს იყო არა მხოლოდ „ისკანდერი“, არამედ ის „ისკანდერი“, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დადგენის კუთხით უმნიშვნელოვანესია, რომ სხვას არავის შეეძლო, ეს იარაღი იქ ჩამოეგდო“, − აცხადებს ბექა ძამაშვილი.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. დღეს, 22 მაისს, ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს.