ბექა ძამაშვილი - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყენებდა კასეტურ და სხვა აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
ბექა ძამაშვილი - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყენებდა კასეტურ და სხვა აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სწორედ რუსეთი იყო ის, რომელიც იყენებდა კასეტურ იარაღსაც, ბალისტიკურსაც და სხვა აკრაძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის დასტურია ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რამაც ცალსახად აჩვენა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო რუსეთის ფედერაცია.

„ამის ყველაზე კარგი დასტურია რამდენიმე თვის წინ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელმაც ცალსახად აჩვენა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე ფორმით ისრების გადატანა ქართველ სამხედროებზე, თითქოს ქართული მხარე ცხინვალის წინააღმდეგ იყენებდა კასეტურ იარაღს, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი. მეორე, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყოველი ასეთი განცხადება, რომელიც არც სიმართლეს შეესაბამება და დადგენილია სასამართლოს მიერ, რომ არ არის ნამდვილი და არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, ცხადია, ხელს არ შეუწყობს სხვა მიმდინარე საერთაშორისო დავებში ქართული მხარის პოზიციების გამყარებას.

ცხადია, მეორე მხარე აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, აკვირდება განცხადებებს და ნებისმიერი მსგავსი განცხადება ყოველთვის შეიძლება, მეორე მხარემ გამოიყენოს მიმდინარე დავებში. იცით, რომ ეს დავა კი დასრულდა, მაგრამ ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა, ნებისმიერი ფორმით გამოყენებული იყოს სამართალწარმოებაში. ჩვენ ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით. თავის დროზე ეს იყო ბრალდება, რომელზეც ძალიან აქტიურად აპელირებდა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოში. კერძოდ, რუსეთის ფედერაცია აცხადებდა, რომ საქართველოს გააჩნდა ხარვეზიანი კასეტური იარაღი და ქართულ სოფლებშიც სწორედ ეს ჭურვები ცვიოდა. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და ევროპულ სასამართლოში წარვადგინეთ მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომელთა მეშვეობითაც ყველა ეს ბრალდება გაქარწყლდა. ჩვენ უკვე სტრასბურგის სასამართლოში ვერ ვნახავთ რაიმე სახით გადაწყვეტილებას, რომლითაც შეიძლება ქართული მხარე გამტყუნებული იყოს. შესაბამისად, ეს ბრალდებები იყო რუსეთის მხრიდან, მცდელობები კვლავაც იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოს წინაშე ეს ბრალდებები მოგვეხსნა და მყარი მტკიცებულებებით გვეჩვენებინა, რომ ქართველი სამხედროები არანაირ აკრძალულ იარაღს არ იყენებდნენ და საბრძოლო მოქმედებები მათ წარმართეს ადამიანების უფლებების სრული დაცვით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“.

მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.