ბექა დოჭვირი - ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერების პრუდენციული ზედამხედველობა მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამყარებისკენ
ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერების შემთხვევაში იზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატი. ეს ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამყარებისკენ. ასევე, სებ-ს ექნება უფლებამოსილება, სრული ზედამხედველობა განახორციელოს ვირტუალური აქტივის პროვაიდერებზე, რაც გულისხმობს პრუდენციულ ზედამხედველობას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.
დოჭვირის თქმით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგისტრაციას 2023 წლიდან ახორციელებს, ამ დროისთვის კი დაახლოებით 31 სუბიექტია რეგისტრირებული.
მისივე თქმით, ეს დარგი არის სწრაფად განვითარებადი და მომხმარებელთა უფლებები მეტად უნდა იყოს დაცული.
ბექა დოჭვირის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.
ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.