ბექა დავითულიანი - ზონალური პარკინგის დანერგვა აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის
ბექა დავითულიანი - ზონალური პარკინგის დანერგვა აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გასული კვირის იმ მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დედაქალაქს ეხება.

ფრაქციის თავმჯდომარემ ზონალური პარკინგის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განმარტება გააკეთა.

„მინდა განვმარტო, კარგად გასაგები რომ იყოს მოქალაქეებისთვის, ზონალური პარკინგის ნაწილში ხორციელდება საპილოტე პროგრამა, რომელიც ზაფხულიდან ამოქმედდება და შეეხება ამ ეტაპზე მხოლოდ კოტე აფხაზის(ყოფილი ლესელიძის) ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს. ფასის განსაზღვრა საკრებულოს ფორმატში დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით არის დაგეგმილი, შესაბამისად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი და ყველანი ჩავერთვებით ამ საკითხის განხილვაში,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას კომისიურ ფორმატში საკრებულო დეტალურად განიხილავს ამ თემას.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ეს აუცილებელია, რადგან ქალაქს სერიოზული პრობლემა ექმნება.

„ჩვენ გვაქვს პრობლემა. ყოველწლიურად თითოეულ ახალშობილზე მოდის 14 იმპორტირებული ავტომობილი. ეს პრობლემა რაღაცნაირად უნდა დავარეგულიროთ,”- განაცხადა ფრაქცია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ.

ბექა დავითულიანის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად, უნდა შევამციროთ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოხმარება.