ბექა დავითულიანი - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვიქნებით პრინციპული, ვიმოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და შესაძლებლობით
ბექა დავითულიანი - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვიქნებით პრინციპული, ვიმოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და შესაძლებლობით

ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყანა მოგებული გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდო, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება.

დავითულიანია განცხადებით, საქართველო ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრინციპული იქნება.

„როგორც ჩანს, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ასეთი კუთხით საქართველოს მიმართ პროვოკაციები გააქტიურდება და სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. ბიბილოვისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად არ გაკეთებულა. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რუსეთის რეაქციას და რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ დამატებითი მესიჯი იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის ხელყოფასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყანა მოგებული გამოვიყვანოთ და არა – კიდევ უფრო დაზიანებული. იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობებს საბოლოო ჯამში რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი მოგვცემს. ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა და არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და სეპარატისტული რეჟიმი, მათ არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. დღეს, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მსგავს ნაბიჯებზე რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით მოახდინოს. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს იმის ძალა არ შესწევს, რომ თავისი კუთვნილი რამენაირად ძალისმიერი მეთოდებით დაიბრუნოს, ამაზე ლაპარაკი არ არის, ლაპარაკია – საერთაშორისო პლატფორმებსა და საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტებზე. ჩვენ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და ვიქნებით, პრინციპულები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით და შესაძლებლობით“, – განაცხადა დავითულიანმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.