ბექა დავითულიანი - „ვეტინგი“ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად სურთ, არავის მივცემთ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
ბექა დავითულიანი - „ვეტინგი“ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად სურთ, არავის მივცემთ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას „ვეტინგის“ სისტემის შემოღება სასამართლოზე გავლენების მოსაპოვებლად სურს.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ამის საშუალებას არავის მისცემენ.

„მთლიანობაში, „ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ სურთ „ვეტინგის“ სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოპოვების ინსტრუმენტად გამოყენება. სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, ის საშუალო ევროპულ რეიტინგშია და თავად ახორციელებს თავისი თავის ზედამხედველობას. არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არავის მივცემთ იმ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, ბექა დავითულიანს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური თანახმანი არიან, ე.წ. ვეტინგის, კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, რაზეც დავითულიანმა აღნიშნა:

„ეს ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში დაჩენილი არიან ადამიანები, რომელთა პოლიტიკური სიმპათიები გადახრილია იქით, რომელი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებიც არიან და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ცდილობენ, თუმცა ეს არ მოხდება“, – აღნიშნა დავითულიანმა.