ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს მმართველი გუნდი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს
ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს მმართველი გუნდი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის ერთი წლის მუშაობის ანგარიში შეაფასა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ის პროექტები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა განახორციელა, შთამბეჭდავია.

„რა თქმა უნდა, შეფასებები უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან ერთგვაროვანი არ იქნება, თუმცა ურყევი ფაქტია, რომელსაც ვერცერთი მხარე ვერ გავექცევით, რომ 2018 წელი ბევრად უფრო დინამიური, ბევრად უფრო აქტიური და საინტერესო იყო ჩვენი ქალაქისთვის. წელს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგა ქალაქის სწორი განვითარების რელსებზე დასაყენებლად.  ისიც ფაქტია, რომ თბილისის მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა იმ შვიდ პოლიტიკას, რომელიც მერის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო წარმოდგენილი და არა რაიმე სხვას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა პრიორიტეტული მიმართულების ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა.

კერძოდ: ურბანული პოლიტიკა – მოკლე დროში გადამუშავდა თბილისის გენერალური გეგმა. დაინერგა კომპლექსური მიდგომები ქაოტური განაშენიანების თავიდან ასაცილებლად. აქტიურად ხორციელდება ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა; თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა – ფეხით მოსიარულეებისთვის კომფორტულ გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული. 2019 წელს დაგეგმილია ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება, ასევე იგეგემება 7 ახალი მეტროსადგურის გახსნა და 22-ის რეაბილიტაცია; გარემოს დაცვით პოლიტიკა – ხორციელდება 12 000 ჰექტარი სატყეო ფართობის ინვენტარიზაციისა და მართვის პროექტი. ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ნარჩენების მართვის ახალი პოლიტიკის დანერგვა; სოციალური მიმართულება – მერიის სოციალური პროგრამები ისარგებლა 169 257 ბენეფიციარმა. გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები- აშენდა და გაიხსნა 11 ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი.  მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა თბილისის 38 საბავშვო ბაღში. დაპროექტდა ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრები; მართვის პოლიტიკის მიმართულება – ურბანული სამსახურის, მუნიციპალური ინსპექციის, ეკოსერვისის შექმნა; ეკონომიკური პოლიტიკის და შემოსავლების მიმართულება – თბილისის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა.

„ეს ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ძალიან ცოტაა იმ გამოწვევებთან შედარებით, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას, რომელსაც ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით. რა თქმა უნდა, დღესაც უამრავი ოჯახია თბილისში, რომელიც ახალ წელს არა იმედის, არამედ სამწუხაროდ შიშის თვალით უყურებს. სწორედ ამ ადამიანების საჭიროებებზე,  ჩვენი ქალაქის განვითარების ინტერესებზეა მორგებული 2019 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ვფიქრობ ჩვენ მხარს აუცილებლად დავუჭერთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოს მმართველი გუნდი მხარს უჭერს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს.