ბექა დავითულიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე თუ დამძიმდა, რომ აუცილებელი იქნება სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევა, ამ დახმარებას აღმოუჩენენ
ბექა დავითულიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე თუ დამძიმდა, რომ აუცილებელი იქნება სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევა, ამ დახმარებას აღმოუჩენენ

რატი ბრეგაძემ, რომელსაც პენიტენციური სისტემა აბარია, განმარტა, რომ კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. რატი ბრეგაძე არის იმ პასუხისმგებელი უწყების მინისტრი, რომელსაც ყველა პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაფრთხილება ავალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმე თუა დაინტერესებული, პატიმარი იყოს უსაფრთხოდ და ჯანმრთელად, ეს, პირველ რიგში, არის რატი ბრეგაძე.

ამასთან, დავითულიანის განცხადებით, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება ყველა იმ საშუალებით, რაც გააჩნია საქართველოს პენიტენციურ სისტემას.

„ვინმე თუ ცდილობს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებით რაღაც პოლიტიკურ შედეგს მიაღწიოს, ჩვენ, თქმა უნდა, არ გვინდა დავუშვათ, რომ ეს ზიანი მიადგეს და კანონიერ ფარგლებში რა შესაძლებლობაც ექნება პენიტენციურ სისტემას, ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ. როგორც ვიცი, შიმშილობა რომ ჰქონდა გამოცხადებული, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ეს ხომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება იყო. ახლა არ ვიცი, რას აკეთებს. ამის შესახებ მინისტრმა ისაუბრა. მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ იქ მივიდნენ ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა. როგორ უნდა გაიგოს მინისტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ექსპერტიზას არ ჩაატარებინებს და ექიმებს თავს არ გაასინჯინებს. თუმცა ჯვარი სწერია და ისე თუ დამძიმდა, რომ აუცილებელი იქნება სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევა, ამ დახმარებას აღმოუჩენენ.

თუ უცხოელი ექსპერტი დადებს დასკვნას, რომ საქართველოს არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია პატიმრის მკურნალობა, ამის შემდეგ დადგება კითხვა, კანონის ფარგლებში შესაძლებელია რამის გაკეთება თუ არა. მიხედავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც არსებობს პენიტენციურ სისტემაში. კანონი რასაც გვეუბნება, ისე მოხდება. მერამდენე სეზონია ჯანმრთელობის გაუარესების, სულ მცირე ათი სერია არის ხოლმე და დაახლოებით მეექვსე სეზონია. პენიტენციური სისტემა არსებობს იმისთვის, რომ რეალური პრობლემა თუ აქვს პატიმარს, მიხედონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.