ბექა დავითულიანი - ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ პარტიული კრიზისია, რაც ოპოზიციას აზიანებს და სჯობს, გონს მოეგონ
ბექა დავითულიანი - ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ პარტიული კრიზისია, რაც ოპოზიციას აზიანებს და სჯობს, გონს მოეგონ

პარლამენტში იმ პარტიის შემოსვლის მოლოდინი მაქვს, რომელიც შეძლებს, ის ზეწოლა გადალახოს, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ოპონენტებთან კონსულტაციებისთვის მზად არის.

კითხვაზე: „განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის წარმატების შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს“, დავითულიანმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს და მათ წინაშე ყველა პირობა იყო წარდგენილი.

„არ ვიცი, დამატებითი მოთხოვნები რამდენად მისაღები იქნება. მით უმეტეს მაშინ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტი 2024 წლამდე არის არჩეული და ეს წესით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. ოპოზიციაში კონსულტაციები რომ მიმდინარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს პარტიული და ოპოზიციური კრიზისი, რაც ქვეყნისთვის ჯამურად კარგი არ არის, მაგრამ ეს კრიზისი ოპოზიციას აზიანებს და სჯობს, გონს მოეგონ და ის ნაბიჯი გადმოდგან, რომელიც წაადგება ქვეყნის განვითარებას და პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ პარლამენტში სიამოვნებით დაელოდებიან.

„პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით, ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებას, ფაქტის წინაშე დგანან და ჩართული აქვთ თვითდესტრუქციის რეჟიმი.

„მათთვის დამაზიანებელია ყოველი დღე, როცა პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ. იმედი მაქვს, ეს მოცემულობა მათ აზრს შეაცვლევინებს“, – დასძინა დავითულიანმა.

დატოვე კომენტარი