ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ განხორციელებული პროცესი არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი
ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ განხორციელებული პროცესი არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი

ჩემი აზრით, ეს საერთოდ არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი და, შესაბამისად, ცვლის იმას, რომ ეს პარტია დეგრადირდა იმ დონეზე, რომ, მგონი, დიდი მომავალი არ უწერიათ. ისე, როგორც ყველა დაავადებულ ორგანიზმს, მისი მომავალიც, ჩემი აზრით, ასე განვითარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ეთერში დავითულიანმა განაცხადა, მმართველი გუნდისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილება არაფერს ცვლის.

„სიმართლე რომ გითხრათ, მმართველი გუნდისთვის დიდად არაფერი იცვლება. მარკუს ავრელიუსი არ აურჩევია „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარედ, შესაბამისად, რა უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, ეს საერთოდ არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი და, შესაბამისად, ცვლის იმას, რომ ეს პარტია დეგრადირდა უკვე იმ დონეზე, რომ, მგონი, დიდი მომავალი არ უწერიათ. ისე, როგორც ყველა დაავადებულ ორგანიზმს, მისი მომავალიც, ჩემი აზრით, ასე განვითარდება. ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დეენემის მქონე და მე ამაში ვეთანხმები. კი, როდესაც მას ასე ხმას აძლევენ და ირჩევენ, ნამდვილად, მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დეენემი. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხარისხო მოძრაობაა დღევანდელი მოცემულობით“, – განაცხადა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის თქმით, „არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განიცდიან მწვავე ინტელექტუალურ შიმშილს“.

„მმართველი გუნდი მზად არის ყველაფრისთვის, თუმცა ლევან ხაბეიშვილისგან არავითარ სერიოზულობას და რაღაც რეალური პროცესების დაწყებას არ ველით. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ამისი არავითარი რესურსი. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი განიცდიან მწვავე ინტელექტუალურ შიმშილს, მათ არ აქვთ მომავალი, მათ არ აქვთ ხედვა და არ აქვთ არაფრის რესურსი. გუშინ უკვე ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი, რომელიც განპირობებული იყო ორი მთავარი რეჟისორის მიერ. ესენი არიან კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის ბრალდებული და მსჯავრდებული კორუფციაში. მეორე მხრივ, ვანო მერაბიშვილი, რომელიც გვამებს ითხოვდა და კი, სწორია, რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილი უნდა აერჩიათ. არც ნიკა მელიაა დიდი მოვლენა და დიდი, ასე ვთქვათ, სტრატეგი, თუმცა ნამდვილად ისინი იმსახურებდნენ ლევან ხაბეიშვილს და მიიღეს ლევან ხაბეიშვილი, რაც ამ ქვეყნისთვის ცუდი არ არის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ნამდვილი სახე ანახა ქვეყანას. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევან ხაბეიშვილს აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დეენემი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ასე იარონ, როგორც ახლა მიდიან. მათ თვითონ უნდა გაინადგურონ თავიანთი თავი, რომ მერე ეს ადგილი სხვამ დაიკავოს. ძალიან წარმატებით ართმევენ ამას თავს და წარმატებებს ვუსურვებ ამ თვითგანადგურების პროცესში“, – აღნიშნა დავითულიანმა.