ბექა დავითულიანი - მთავარია, გამოძიებამ პასუხი გასცეს შეკითხვას, ჩადენილია თუ არა დანაშაული
ბექა დავითულიანი - მთავარია, გამოძიებამ პასუხი გასცეს შეკითხვას, ჩადენილია თუ არა დანაშაული

ჩვენ, ისევე როგორც საზოგადოება, ველოდებით გამოძიების შედეგებს, მანამდე წინსწრებით შეფასებების გაკეთება არ არის სწორი, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.

მისი თქმით, ბრალდება არის ძალიან მძიმე და ამიტომ, ერთის მხრივ არც წინასწარი შეფასებების გაკეთება და წინსწრებით დასკვნების გამოტანა შეიძლება და მეორეს მხრივ გარწმუნებთ, ეს ისეთი საკითხია, შემწყნარებლური დამოკიდებულებაც გამორიცხულია.

„ვიდრე გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, მანამდე ყოველგვარ წინასწარ შეფასებას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ის ადამიანი, ვის მიმართაც ბრალია გაჟღერებული საავადმყოფოში გულის შეტევით არის მოთავსებული. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თავი შევიკავოთ წინასწარი განცხადებებისგან. შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა. ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ჩვენთვის სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ გვექნება. მთავარია, გამოძიებამ გასცეს პასუხი შეკითხვას – ჩადენილია თუ არა საერთოდ დანაშაული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების საკითხზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მანდატის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საკრებულო, როგორც თვითმმართველი ორგანო, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიებაზე. შესაბამისად, მანდატის გაუქმებაზე საუბარი დღეის მდგომარეობით არასწორია. მოგეხსენებათ, ორი წლის წინ ჩვენი კოლეგა დააკავეს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია და უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება. მინდა გითხრათ, მას მანდატი ამ დრომდე არ გაუქმებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი ინსტანციის განაჩენი. ამის სამართლებრივი ვალდებულება და საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.