ბექა დავითულიანი - ხელმეორედ არჩევნები არ და ვერ ჩატარდება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება უკვე გამოხატა
ბექა დავითულიანი - ხელმეორედ არჩევნები არ და ვერ ჩატარდება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება უკვე გამოხატა

არჩევნების შედეგით ოპოზიცია არის უკმაყოფილო და ეს გასაგებია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება არჩევნებით, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა დავითულიანი.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერც ერთი სისტემის მეშვეობით უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა და ეს არის ფაქტი.

„რაც შეეხება იმას, რომ კომისიას წევრები ტოვებენ, ის წევრები ტოვებენ კომისიას, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი მათ შორის იმ ოქმებზე, რომელიც სოციალურ მედიაში, ასევე ტელემედიაშიც ტრიალებს ეს დღეებია და ათიათასამდე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ამ ოქმების სისწორეზე, ახლა თავის თავს უცხადებენ პროტესტს და ამბობენ გავდივართო.

თუ რამე ყალბდებოდა ხელს რატომ აწერდნენ? ეს არის ტყუილი, ეს არის იმ ლოგიკისა და სცენარის ნაწილი, რომ მოხდეს ამ არჩევნების შედეგებისთვის ჩრდილის მიყენება და დელეგიტიმაციის მცდელობა, თუმცა ეს არ გამოვა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და თავისუფალი. შესაბამისად, დასკვნა დადებულია და ჯობს, ცოტა კონსტრუქციულად მიუდგნენ, თუ სადმე რეალური ტექნიკური დარღვევა არსებობდა. გადათვლის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ ის შედეგი, რაც ქართველა ხალხმა მათ მიანიჭა“, – აცხადებს დავითულიანი.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება არავის მხრიდან არ მომხდარა.

„თუ რაიმე ტექნიკური დარღვევა იყო, გადაითვლება და ეს გადათვლა მოახდენს იმ შედეგებს, რასაც მოახდენს, რადგან ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ სადღაც ჩვენს წარმომადგენლებს და მაგალითად, პარტია „ქართულ ოცნებას“ ან მის მაჟორიტარებს ნული უწერიათ ოქმში. ეს რა არის, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ზოგგან არის ტექნიკური შეცდომა, ზოგგან ის დისბალანსი, რომელსაც ასე ატრიალებენ, რასაც იწვევს სპეცუბნები, კოვიდუბნები. გვაქვს ასეთი ინფორმაციები და როცა მოხდება ამაზე კომისიებში განხილვა, ვნახავთ“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მანდატი კანონის შემოვლით მიიღოს, რომელიც მისთვის საზოგადოებას არ მიუნიჭებია.

„ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედება – ეს ერთი. მეორე, ეს ხალხი ცდილობს, შემოვლით მიიღოს ეს და ეს არის მეორე არადემოკრატიული და ანტიდასავლური ტიპის ქმედება. რა უნდა გიპასუხოთ ამაზე? მთელი სამყარო ამბობს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში. ყველა ასეთ შეფასებას აკეთებს დამკვირვებელი, ცესკო მიიჩნევს და ამბობს, რომ ასეა. მათივე არხზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ არხზე შედეგებთან ძალიან მიახლოებულია და ამ დროს ესენი ამბობენ, არ გვაწყობს და ასე არ არისო. ნუ, არ არის და ისხდნენ პარლამენტს მიღმა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, არჩევნები განმეორებით ვერ ჩატარდება.

„ხელმეორედ არჩევნები არ და ვერ ჩატარდება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება უკვე გამოხატა. ყველამ პატივი უნდა სცეს ამ ნებას. ვინც ხალხის არჩევანს პატივს არ სცემს და საკუთარ ამომრჩეველსაც პატივს არ სცემს, არ შედის პარლამენტში, რისთვისაც ამ პანდემიის პირობებში მათი მხარდამჭერი მოვიდა და ხმა მისცა. ეს არის მათი უპასუხისმგებლობა და მათი პრობლემა. უმრავლესობა შეიკრიბება, პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს და დაიწყებს მუშაობას. სამწუხარო იქნება, თუ ამ პროცესს არ შემოუერთდებიან ოპოზიციური პარტიები“, – აღნიშნავს დავითულიანი.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა პარტიების დაფინანსების საკითხზეც: „ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. კანონით განსაზღვრულია, თუ ვის ეკუთვნის დაფინანსება. არ ვიცი, მორალურად და პოლიტიკურად რამდენად შეუძლიათ ამ პასუხისმგებლობის აღება. რამდენიმე რამისთვის უხდის ხომ ადამიანი, რომ მისი უფლებების რეალიზება მოახდინოს პარლამენტში და შესაბამის სახელისუფლო ორგანოებში ამისთვის უხდის ბიუჯეტიდან ფულს პარტიებს მოქალაქე ხომ! არ ვიცი ახლა, ამ ფუნქციებს თუ არ ახორციელებენ“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.