ბექა დავითულიანი - გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და რეპრესიებით ემუქრებოდნენ
ბექა დავითულიანი - გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და რეპრესიებით ემუქრებოდნენ

გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მისულები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და რეპრესიებით ემუქრებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები თედო გობეჯიშვილს გარკვეული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ და მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

„მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ოჯახს. ნამდვილად არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გამეტებად. არ მინდა, ვინმეს წინასწარ რამეში ბრალი დავდო, თუმცა ფაქტია, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა და იმედი მაქვს, ყველა უფრო მეტი თანაგრძნობით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ქმედებებს, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამას სჭირდება გამოძიება და დადასტურება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ღამეს, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა ბატონი თედო, მასთან მისულები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და სთხოვდნენ კონკრეტული რაღაც განცხადებების გაკეთებას, ასევე ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს რეპრესიებით, თუ არ დათანხმდებოდა“, – განაცხადა დავითულიანმა.