ბექა დავითულიანი - გიგი უგულავას ურჩევნია, საკუთარ თავს მიხედოს, ზედმეტებში გადადის
ბექა დავითულიანი - გიგი უგულავას ურჩევნია, საკუთარ თავს მიხედოს, ზედმეტებში გადადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის თქმით, გიგი უგულავას განცხადებები შეურაცხმყოფელია.

ბექა დავითულიანმა შეაფასა ოპოზიციონერ გიგი უგულავას მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

როგორც ბექა დავითულიანი ამბობს, გიგი უგულავა ზედმეტებში გადადის.

დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა პატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, დაცულია და პენიტენციური სისტემა არ დაუშვებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას.

„საქართველოში ყველა პატიმარი დაცულია, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, რაზეც პასუხს აგებს პენიტენციური სისტემა. სისტემა, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, არც მოსურნეა და არც დაუშვებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ეს სცენარი უკვე ერთხელ ვნახეთ, გავიარეთ და პასუხი იგივეა – რაღაც დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის, მისი ჯანმრთელობა დაცული იქნება. რაც შეეხება გიგი უგულავას ლანძღვა-გინებას, წყევლა-კრულვას ეთერებიდან, ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს. ძალიან ზედმეტებში გადადის და მისი განცხადებები შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.