ბექა დავითულიანი - გიგა ბოკერია რომც ფიქრობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სააკაშვილის გამოსვლა სჭირდება, ის მსჯავრდებულია და ვერსადაც ვერ გამოვა
ბექა დავითულიანი - გიგა ბოკერია რომც ფიქრობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სააკაშვილის გამოსვლა სჭირდება, ის მსჯავრდებულია და ვერსადაც ვერ გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სჯობს, ოპოზიცია სხვა დღის წესრიგზე გადაეწყოს და ხელისუფლების ოპონირების სხვა ტაქტიკა აირჩიოს.

„ოპოზიცია ყოველი არჩევნების შემდეგ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. რამდენჯერაც არჩევნები ჩატარდა, იმდენჯერ ოპოზიციამ ვერ აჩვენა ის შედეგი, რაც სურდა. შესაბამისად, ახლა შეუძლია, განაგრძოს ეს მოთხოვნა და მომავალ არჩევნებში როცა იქნება, კიდევ ერთხელ ნახავს, რომ მისთვის სასარგებლო შედეგი არჩევნებით არ დგება. არ ვიცი, ასე წრეზე და მუდმივ მოთხოვნებზე როდემდე ვიაროთ, ამიტომ სჯობს, ისინი სხვა დღის წესრიგზე გადაეწყონ და ხელისუფლების ოპონირების სხვა ტაქტიკა აირჩიონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიანი გეგმაც შეაფასა.

„გიგა ბოკერია რომც ფიქრობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სჭირდება, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია და ვერსადაც ვერ გამოვა. მეორეც, როგორც გიგა ბოკერია, ისე მთელი ოპოზიციური სპექტრი უკვე წლებია, ყოველი არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს და ამ საუბარს არ მოჰყვება არანაირი შედეგი. თავად ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევს. შესაბამისად, ერთსა და იმავე წრეზე სიარულს და ამ დღის წესრიგით ცხოვრებას არავინ აპირებს. მათაც ვურჩევდი, რომ დღის წესრიგი შეცვალონ, ცოტა კონსტრუქციულ რელსებზე გადმოვიდნენ და ხელისუფლებას ოპონირება სხვა ტაქტიკით გაუწიონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.