ბექა დავითულიანი - გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფს რაიმე ბერკეტი თუ ექნება, ეცდებიან, ხელისუფლებისთვის პრობლემის შესაქმნელად ნებისმიერ გზაზე დადგნენ, ამ განწყობაზე მიუთითებს მათი განცხადებები
ბექა დავითულიანი - გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფს რაიმე ბერკეტი თუ ექნება, ეცდებიან, ხელისუფლებისთვის პრობლემის შესაქმნელად ნებისმიერ გზაზე დადგნენ, ამ განწყობაზე მიუთითებს მათი განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენა. მისივე თქმით, ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, კონკრეტული მიმართულება და საკითხი უნდა დაასახელონ, რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა.

როგორც დავითულიანი აცხადებს, სწორედ ამ კონტექსტში მოიხსენია დღეს ირაკლი კობახიძემ რადიკალური ოპოზიცია, როდესაც საკითხზე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

„ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რა შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა. რომელი სანქციის დაწესება შეეძლო და არ დააწესა. ისეთი სანქციის, რომელიც დააზიანებდა რუსეთს და არა საქართველოს. რადიკალური ოპოზიცია ამ კონტექსტში იყო მოხსენებული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ჟურნალისტებმა დავითულიანს ასევე შეაფასებინეს ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი განცხადება, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს: „ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია. როგორ შეიძლება, ამ დასკვნაში რაიმე სიტყვას ვენდოთ, აქ არის უამრავი ფეიკი“.

დავითულიანის განცხადებით, კობახიძემ მაგალითად მოიყვანა კვლევა, რომელიც ფაქტობრივი უზუსტობებით იყო სავსე.

„ირაკლი კობახიძემ მოიყვანა კვლევა, რომელშიც მოყვანილი იყო უსაფუძვლო, ძალიან გულგრილად შესრულებული კვლევა, რადგან ფაქტობრივი უზუსტობებით იყო სავსე. ეს ეხება ევროკავშირის კანდიდატობას და ასეთ უხარისხო კვლევას ვიღაცები არ უნდა აკეთებდნენ. მან თქვა, რომ ამ კვლევის თანაავტორი არის ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი. ბრიფინგზე ითქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა ჩართოს ომში, მათ შორის მაღალი უსაფრთხოების რისკების ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს, ერთ-ერთი მიმართულება ესაა. სიტუაციის გამწვავება და ესკალაცია მეტად ზრდის ამ რისკს და შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენოს. ირაკლიმაც თქვა და ჩვენც ყოველთვის ვამბობთ, რომ ოპოზიციის რიტორიკა, მოწოდებები მიმართულია იქით, რომ ესკალაცია გაღრმავდეს. ესკალაციის გაღრმავება ნიშნავს სულ მცირე რისკების გაორმაგებას“, – განაცხადა დავითულიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში არავის ეხმარება.

„საქართველო არავის არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ეს გაცხადებული პოზიციაა და არც ერთი ამის საპირისპირო ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, რიტორიკაც მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში და პარტნიორებთან საქართველოს არაფრისგან შეექმნას გარკვეული უხერხულობა. ვინც ამას პროპაგანდირებს და ცდილობს, რომ ასეთი აზრი მუსირებდეს, რა თქმა უნდა, ცდილობს, საქართველო დააშოროს საერთაშორისო პარტნიორებს. ოპოზიციის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს იმ განწყობაზე, რომ თუ რაიმე ბერკეტი ექნება გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფს, ეცდებიან, ამ ხელისუფლების პრობლემის შესაქმნელად ნებისმიერ გზაზე დადგნენ. სამწუხაროდ, ამ გზაზე დგანან“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.