ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას, მის ლობისტებს ვთხოვთ, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაწერენ, რადგან არაფერი დაგვიკლია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გავხვიეთ
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას, მის ლობისტებს ვთხოვთ, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაწერენ, რადგან არაფერი დაგვიკლია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გავხვიეთ

რადიკალურ ოპოზიციას, მის ლობისტებს ვთხოვთ, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინასთან მიმართებაში, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაწერენ, რადგან არაფერი დაგვიკლია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გავხვიეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის მხარდასაჭერად გამოხატა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

„ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი. პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ ყველა პლატფორმაზე ყველა ფორმით. გაერო-ში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად, მოლდოვამ თავის დროზე ვერ გარისკა, ჰააგაში მხარი დავუჭირეთ საჩივრის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ, ეუთო-ში დავუჭირეთ მხარი შესაბამის მკაცრ რეზოლუციას, ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ქმედითი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინელების მხარდასაჭერად. ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება.

რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც სამწუხაროდ დგამენ ხოლმე არასწორ ნაბიჯებს. გამომდინარე იქიდან, რომ ომის მდგომარეობაშია უკრაინა, მისი ხელისუფლების მიმართ ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული, მაგრამ ხშირად რთულია, არ გამოხატო პოზიცია, როდესაც ყოვლად ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ გაჰყავთ ელჩი ქვეყნიდან, ან როდესაც აკეთებენ განცხადებებს, რომ რუსეთის სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე გარდა უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დახოცვისა, ანუ უნდა ჰქონდეთ საქმე ქართველი ქალებისა და ბავშვების დახოცვა, არა მარტო, კაცების. ამაზე როცა საუბრობს მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო მკაცრი პასუხები“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კითხვის ნიშნები აქვს უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მისი თქმით, ახლა, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებითა და საქმით. მაგალითად, პოდოლიაკი დაახლოებული იყო იანუკოვიჩთან, გონჩარენკო პირდაპირ იყო იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ასე შემდეგ. ეს ადამიანები დღეს გახდნენ უკრაინის პატრიოტები. მათ ამ ფაქტებსა და განცხადებებს შორის არის პირდაპირი კავშირი, ჩვენ ასე გვგონია. ის, რომ მათ უნდათ საქართველოში ომი და ის, რომ წარსულში დაკავშირებული იყვნენ იანუკოვიჩთან, ამ ორ ფაქტს შორის არის პირდაპირი კავშირი. შესაბამისად, ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, გონჩარენკო, ვინ არიან სხვები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში ომის გაჩაღებას და ითხოვენ, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მათ განცხადებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის შედგა თუ არა კომუნიკაცია თუნდაც უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა:

„გახსოვთ ამაზე პოდოლიაკის განცხადება, როდესაც მას ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა ფაქტები და რატომ გააკეთეს განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ფაქტები არ იყო, მაგრამ მათ დააზღვიეს. სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ფაქტი კი არ იყო, უბრალოდ მოიტყუეს, რომ დაეზღვიათ, რათა მომავალში ასეთი რამ არ გაგვეკეთებინა. როდესაც ასეთ რაღაცას კადრულობს, ბუნებრივია, ასეთ ადამიანს სჭირდება პასუხის გაცემა და მათ შორის, იმის შეხსენება, რომ თავის დროზე იყო იანუკოვიჩის თანამოაზრე. დღესაც ვერ ვისმენთ ვერანაირ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ვერ მოვისმენთ. ამიტომ, ვთხოვთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ ასეთ ფაქტს ვერ დაწერენ, მარტივი მიზეზის გამო, არაფერი დაგვიკლია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გავხვიეთ. ჩვენ დავიცავით ქართველი ხალხი. ის, რომ ომში არ ჩავრთეთ ჩვენი ქვეყანა, შეიძლება, უკმაყოფილო იყვნენ, მაგრამ ამაზე ღიად ვერ გვესაუბრებიან. ეს უნდოდათ, მაგრამ ღიად ვერ ამბობენ.

შალვა პაპუაშვილი ჩასული იყო უკრაინაში და თქვენ ნახეთ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ამას გაღიზიანება მოჰყვა. ვიზიტიდან ხუთი დღის თავზე ისეთი რაღაცები გააკეთეს, რაც რა უნდა ეკადრათ. აქედან ჩანს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის კონკრეტული მოსაზრებებით ნაკარნახები და ძალიან რაციონალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.