ბექა დავითულიანი - გარკვეულ ჯგუფებს სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა აქვთ, რის გამოც მიმდინარეობს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაც თვლის, რომ უნდა გადადგას
ბექა დავითულიანი - გარკვეულ ჯგუფებს სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა აქვთ, რის გამოც მიმდინარეობს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაც თვლის, რომ უნდა გადადგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მოიცავს უსამართლო შენიშვნებს. მისივე თქმით, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხებს.

ბექა დავითულიანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ სამივე ქვეყანას, რომლებსაც განაცხადი აქვთ შეტანილი.

„რეზოლუციაში ძირითად ნაწილში ფაქტობრივი უზუსტობებით დატვირთული უსამართლო შენიშვნებია. წერია ის, რაც სინამდვილეში, ასე არ ყოფილა. მაგალითად, ეს ეხება იმას, რომ ციხეშია და არ არის საავადმყოფოში. ასევე იმას, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა 5 ივლისს ცემის გამო, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ევროპა, დასავლეთი და რუსეთი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ხელმძღვანელობენ გეოპოლიტიკური ინტერესებით. ევროკავშირმაც უნდა გვაჩვენოს, რომ ის თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ დათმობს და მასზე იზრუნებს. კანდიდატობის სიმბოლური სტატუსი, რომელიც საქართველოს რეალურად სიმბოლური აღიარების გარდა, არაფერს არ მისცემს, ევროკავშირს არავითარ ვალდებულებას არ აძლევს. მათ შეუძლიათ, აჩვენონ დანარჩენ მსოფლიოს და იმ აგრესორებს, რომლებიც საფრთხეებს ქმნიან ჩვენ გარშემო და ჩვენ რეგიონში, რომ ეს მათი ინტერესის სფეროა. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში გადაწყვეტილებები აქედან გამომდინარე მიიღება. დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანი, ტექნიკური, გამოსწორებადია და ამის მიზეზით მინდა, მჯეროდეს, რომ საბანად არაფერს გამოიყენებენ და სამივე ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა ასევე კითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც სანქციებზეა საუბარი. მისივე თქმით, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობაა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„არავითარი მოლოდინი არ მაქვს. მუდმივად მიმდინარეობს აპელირება სანქცირებაზე. სამწუხაროდ, ვიღაცებმა მოახერხეს, რომ ეს თემა დამდგარიყო დღის წესრიგში ევროპარლამენტის დონეზეც, თუმცა, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს იქნება რეალური და გაგრძელება ექნება. ამას ნულოვანი საფუძველი აქვს. ვერც ერთი სამართლებრივი და მორალური მიზეზი ვერ იქნება მოძებნილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს რამენაირად სერიოზულია. ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება. ამის გამო მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცა თვლის, უნდა გადადგას, რაც მიგვაჩნია, რომ ეროვნული ინტერესის არსებითი დაზიანება იქნება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

კითხვაზე, „ხომ არ გულისხმობთ ომში ჩართვას“, დავითულიანმა განაცხადა, რომ ბევრ რამეს გულისხმობს, რაზეც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ ისაუბრებს. „ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.