ბექა დავითულიანი - დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს არის როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე ხალხისა და ხელისუფლების დამსახურება
ბექა დავითულიანი - დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს არის როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე ხალხისა და ხელისუფლების დამსახურება

დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე ჩვენი ხალხის და ხელისუფლების დამსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს და სპეკულაცია დასრულდეს – ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს.

„ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების დამსახურება არ არის, თუმცა ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამ დიდი მიღწევით ისინიც და მათი შვილებიც ისარგებლებენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. შეფასებას 120-გვერდიანი დოკუმენტი მოჰყვა, სადაც ნახევარი არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასება და ეს უკვე ფაქტია. ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციიდან ცხრას მაინც ასრულებდა ძალიან წარმატებით. რაც შეეხება დათქმებს, რა დათქმა სჭირდება იმას, რომ არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად უნდა ჩატარდეს? ევროკავშირი არავითარ რეკომენდაციას რომ არ იძლეოდეს, არჩევნები მაინც დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ამას არანაირი დათქმა არ სჭირდება. დათქმა ევროკავშირთან უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობაზე, ეს დათქმა რეზოლუციებისა და სანქციებთან შეერთებას ეხება. ვიმუშავებთ, რაზე შეგვიძლია მიერთება. სამწუხაროდ, იქ ჩვენი ქვეყნისთვის არის რამდენიმე უხერხული მომენტი. მაგალითად, რეზოლუციები, რომლებიც ეხება ირანს, მეზობელ თურქეთს და სხვა ქვეყნებს. აქ დელიკატურად მოგვიწევს, ისეთ რეზოლუციებს შევუერთდეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს. არსებობს ისეთი რეზოლუციები, სადაც სრული თავსებადობა ვერ გვექნება. კითხვა იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, პუტინის რეჟიმის გავლენის ქვეშ და ქვეყანა არსებული ხელისუფლების პირობებში არ იმსახურებდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს და სპეკულაცია დასრულდეს – ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს. ეს სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს და საკუთარი ქვეყნის დაზიანებას მოეშვან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.