ბექა დავითულიანი - დეპუტატს სჭირდება კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება, რიტორიკა, როცა არც ერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს
დეპუტატს სჭირდება სულ რამდენიმე რამ, მათ შორის კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და რიტორიკა, როცა არც ერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა გიორგი ვაშაძის მიერ დღეს განცხადებას.
„კახა კალაძემ და მერიამ გააკეთეს ის, რომ „მარშრუტკების“ ფასები არ გაზრდილიყო და ამავდროულად, განახლებულიყო, ქალაქისთვის არ შეექმნა პრობლემები მიკროავტობუსების გამონაბოლქვს, თბილისის მერია ყიდულობს მიკროავტობუსებს, იჯარით აძლევს კომპანიას და კომპანია ამ თანხას იხდის ნაწილ-ნაწილ. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ მიკროავტობუსების ფასი არ გაზრდილიყო და მიკროავტობუსების პარკი განახლებულიყო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 43 მილიონ ლარიან სქემას ახადა ფარდა. „ყვითელი „მარშრუტკებიდან“ ლურჯ „მარშრუტკებზე“ გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.