ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის კანონის ამოქმედება უკრაინაში ვიღაცებს უნდათ, რადგან ეს სახელისუფლო ბერკეტებს ამყარებს, ვიღაცებს საქართველოში არ უნდათ, რადგან ამ ბერკეტების გამყარება არ სურთ
ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის კანონის ამოქმედება უკრაინაში ვიღაცებს უნდათ, რადგან ეს სახელისუფლო ბერკეტებს ამყარებს, ვიღაცებს საქართველოში არ უნდათ, რადგან ამ ბერკეტების გამყარება არ სურთ

უკრაინაში ვიღაცებს დეოლიგარქიზაციის კანონის ამოქმედება უნდათ, რადგან ეს კანონი სახელისუფლებო ბერკეტებს ამყარებს, ვიღაცებს კი საქართველოში ამ კანონის ამოქმედება არ უნდათ, რადგან საქართველოში სახელისუფლებო ბერკეტების გამყარება არ სურთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ევროკავშირმა თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა ყოფილიყო უკრაინის მაგალითზე.

„ჩვენ უკრაინული კანონი სიტყვა-სიტყვით ვთარგმნეთ და ორი მოსმენით მივიღეთ. ოპოზიციურმა პარტიამ ალტერნატიული ცვლილებები მოამზადა, რომელიც თავისი შინაარსით არის არა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, არამედ ოლიგარქების დამცავი. ევროპა გვეუბნება, ისეთი კანონი შექმენით, როგორიც უკრაინას აქვსო და ეს გავაკეთეთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტი უკრაინას აქვს გადაგზავნილი, პასუხს ველოდებით. უკრაინამ თუ ვერ მიიღო პასუხი, შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ ცალკე მივმართოთ. ვენეციის კომისია კანონპროექტებს განიხილავს და აფასებს არა პოლიტიკური კონტექსტით, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, კანონს, რომელსაც ვენეციის კომისიაში გადააგზავნის ბანგლადეში ან საფრანგეთი, ზუსტად ერთი და იმავე პასუხებით დაბრუნდება. ეს თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩაითვლება, რომ ვენეციის კომისია სცოდავს და არა სამართლებრივს, არამედ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს. ვენეციის კომისია ერთსა და იმავე კანონზე ორ სხვადასხვა დასკვნას ვერ დადებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უკრაინიდან გაგზავნილი თუ საქართველოდან, სხვადასხვა დასკვნას ვერ დადებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, უკრაინას ეს კანონი სჭირდებოდა, რადგან ქვეყანას მართლა ოლიგარქები მართავდნენ, საქართველოსთვის ეს კანონი საერთოდ საჭირო არ იყო.

„უკრაინას ეს კანონი სჭირდებოდა, რადგან მართლა ოლიგარქები მართავდნენ. ახლა გაიგეთ, რომ უკრაინაში რეგიონები ოლიგარქებს ჰქონდათ დაყოფილი? ახლა ომია და ამ თემამ აქტუალობა დაკარგა. საქართველოსთვის ეს კანონი საერთოდ საჭირო არ იყო. ოპოზიციის მიერ დაწერილი კანონპროექტის დეფინიციებითაც კი, ბიძინა ივანიშვილი ვერც ერთ კრიტერიუმში ვერ ჩაჯდა. ისეთი კანონი ვერ დაწერეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხვდებოდა. თეორიულადაც კი ვერ იწერება ისეთი კანონპროექტი, რომელიც სამართლებრივად გამართული იქნება და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი აღმოჩნდება. ვიღაცებს უკრაინაში ამ კანონის ამოქმედება უნდათ, რადგან ეს კანონი სახელისუფლებო ბერკეტებს ამყარებს, ვიღაცებს კი საქართველოში ამ კანონის ამოქმედება არ უნდათ, რადგან საქართველოში სახელისუფლებო ბერკეტების გამყარება არ სურთ. ამას პირდაპირ არ გვეუბნებიან და აგერ ვართ, თქვან. მე თუ მკითხავთ​, დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოსთვის აქტუალური არ არის“, – განაცხადა დავითულიანმა.