ბექა დავითულიანი - არჩევნების შედეგების გადახედვა არ განიხილება, სხვა საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, იმედია, სასურველი შედეგი მიიღწევა
ბექა დავითულიანი - არჩევნების შედეგების გადახედვა არ განიხილება, სხვა საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, იმედია, სასურველი შედეგი მიიღწევა

შეთანხმება თუ არ მიიღწევა, „ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში, დატოვებს კარს ღიას და არჩევანი იქნება ოპოზიციაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია პირველი დღიდანვე იყო მყარი და ცალსახა.

„ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ აპირებს 31 ოქტომბერს გამოხატული ხალხის ნების რაიმე ფორმით რევიზიას. ეს არის ცალსახა და ეს პოზიცია რჩება იმ პოზიციად, რაც იყო. არჩევნების შედეგების გადახედვა არ განიხილება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის დახვეწას და შემდგომში რეფორმირების გაგრძელებას, რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედია, პოზიციები კიდევ უფრო დაახლოებულია და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ სასურველი შედეგი საბოლოო ჯამში მიიღწევა. თუ არ მიიღწევა, „ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში, დატოვებს კარს ღიას და არჩევანი იქნება ოპოზიციაზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადახედვას.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ორი მილიონი ჩვენი მოქალაქე გამოვიდა პანდემიის პირობებში და დააფიქსირა თავისი არჩევანი. მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ან ვინმე სხვას არ სურს ამ შედეგის აღიარება, ვერ გახდება რევიზიის მიზეზი. პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავს და პოლიტიკოსები ვერ გადაწყვეტენ ვინმეს პატიმრობის შეფარდების ან მოხსნის საკითხს, ამას დემოკრატიულ ქვეყნებში წყვეტს სასამართლო სისტემა. სხვა საკითხებზე მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა მსჯელობა. ეს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებით არის კონფიდენციალური, შესაბამისად, რაიმე უფრო კონკრეტულ საკითხზე ჩვენი მხრიდან კორექტული ლაპარაკი არ იქნება. სამწუხაროდ, ვიღაცამ დაარღვია ეს შეთანხმება და გაიტანა ეს საკითხები საჯარო სივრცეში, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხების გაღრმავებას“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.