ბექა დავითულიანი - ადეიშვილის ვოიაჟის გამო გულისწყრომაზე ევროკავშირის სტრუქტურების გამოხმაურება ნიშნავს, რომ წამებაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორის სტუმრობით შეწუხდნენ
ბექა დავითულიანი - ადეიშვილის ვოიაჟის გამო გულისწყრომაზე ევროკავშირის სტრუქტურების გამოხმაურება ნიშნავს, რომ წამებაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორის სტუმრობით შეწუხდნენ

კარგია, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ გულისწყრომას, რომელიც საქართველოში გამოიხატა ადეიშვილის ევროპულ სტრუქტურებში ვოიაჟის გამო. ეს ნიშნავს, რომ მათ ხმა მისწვდათ და შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში, ადამიანების ქონების მიტაცებასა და ადამიანის ცემაში მსჯავრდებული ყოფილი პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, არ შეიძლება, ევროკავშირის მხრიდან ასეთი პატივით მიღება კრიმინალების, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდნენ, ვინაიდან ეს ევროსკეპციტიზმს რაღაცნაირად ხელს უწყობს, რისი მოსურნეებიც არც ჩვენ ვართ და არც ევროკავშირი.

„რაც შეეხება იმ ბრალდებას, თითქოს ეს დეზინფორმაციის ნაწილია, არა, ეს დეზინფორმაცია კი არ არის, ეს არის ფაქტი, რომ კრიმინალი, სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი იჯდა ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ მიღებაზე. ამასთანავე, პრობლემაა, რომ ის იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების გაფუჭებაში ცალსახად და ცალმხრივად უკრაინული მხარის ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა, მიზეზი და სტიმული ამ ურთიერთობების გაფუჭების. რა თქმა უნდა, ეს არავის არაფერში სჭირდება. მით უმეტეს, იმ პირების და პოლიტიკური ფიგურანტების, რომელსაც აგვისტოს ომისას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ საფრთხის ასაცილებლად. უკრაინისთვის რთულ პირობებში რაღაც მრჩევლებად და რაღაცნაირ ფიგურანტებად გამოყენება თვითონ უკრაინასაც, სამწუხაროდ, არაფერს არ არგებს და არ ვურჩევდი, რომ იმ ცუდი გამოცდილების ადამიანები დაიხმარონ ამ რთულ ვითარებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის პირობებში დადგა ურთულესი შედეგები მათი მმართველობით. პუტინის აგრესიამ და ადეიშვილის და მისი სხვა თანამზრახველების არასწორმა, ხშირად მოღალატეობრივმა ქმედებებმაც განაპირობა, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი მძიმე შედეგები დაუდგა და არ მინდა, უკრაინასაც ასეთი არასწორი გონებით აძლევდნენ რჩევებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.