„ლიგა ენდესას“ მეოთხე ტურში „გიპუზკოა ბასკეტის“ განაცხადში, გუნდის ქართველი კალათბურთელი – ბექა ბურჯანაძე ვერ მოხვდა. მიზეზი ტრავმაა, რომელიც ბექამ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში – „ფუენლაბრადასთან“ მატჩის დროს მიიღო. ამ შეხვედრაში ბურჯანაძე უხერხულად დაეცა და ფეხი იტკინა. მიუხედავად ამისა „გიპუზკოას“ ქართველმა კალათბურთელმა, მეორე და მესამე ტურებში ითამაშა და თავიც გამოიჩინა.
როგორც პირველმა არხმა გაარკვია – პირველ ტურში მიღებული ტრავმა ამის შემდეგ გართულდა და ფეხზე ჰემატომა განვითარდა. ექიმების წინასწარი ვარაუდით – ბექა მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს. შესაბამისად საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს – ილიას ზუროსს, შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ორი მატჩისთვის მომზადება, ისევ მის გარეშე მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბურჯანაძეს, მძიმე ტრავმის გამო წელიწადნახევარი უკვე გაუცდა და მოედანს ერთი თვის წინ დაუბრუნდა.
საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში, 30 ნოემბერსა და 3 დეკემბერს ორი მატჩის გამართვა მოუწევს. ილიას ზუროსის გუნდი 30 ნოემბერს ესტონეთს ესტუმრება, 3 დეკემბერს კი თბილისის სპორტის სასახლეში, ისრაელს მიიღებს.