საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს 28 და 30 ნოემბერს ფინეთთან და შვეიცარიასთან ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ამ შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარება „გრან კანარიას“ ფორვარდი ბექა ბურჯანაძე. კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე მისი კომენტარი გამოქვეყნდა.
„რამდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ სიტუაცია უფრო გამიუარესდა. ამ ვირუსის გამო გადადებული თამაშები კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწია. 4-5 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ და ასეთ დატვირთვას ჩემმა მუხლმა ვერ გაუძლო.
ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას.“