ილიას ზუროსმა ფინეთში გასამართი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა
ილიას ზუროსმა ფინეთში გასამართი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული „ბაბლის“ პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე (იხილეთ სტატიის ბოლოს) სრული შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. კორონავირუსის გამო ეროვნული გუნდის სამწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და საუდის არაბეთში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

რაც შეეხება დუდა სანაძეს, რომელმაც ახლახან ყატარულ „ალ ხორთან” გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს  ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის „კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და „რუეილის” წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური „ბაბლის“ მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს „მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება.

წყაროgbf.ge

დატოვე კომენტარი