ბექა ბასილაია - ვითხოვთ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლო დარბაზში, მედიის თანდასწრებით ჩატარდეს
ბექა ბასილაია - ვითხოვთ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლო დარბაზში, მედიის თანდასწრებით ჩატარდეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, 10 ნოემბერს სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მედიას უნდა მიეცეს პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება.

„სასამართლო პროცესი აუცილებლად უნდა ჩატარდეს მედიის თანდასწრებით, მედიის გაშუქებით. არც ერთ, არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი, აი, ნავალნის პროცესიც კი, პუტინის რუსეთში, ტარდება მედიის გაშუქების ფონზე.

რატი ბრეგაძის სურვილი, ღარიბაშვილის სურვილი, რომ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე, რომ მედიამ ვერ გააშუქოს, არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. მინდა, ვუთხრა ქართულ საზოგადოებას – მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის.

სააკაშვილი წვენს იღებდაო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროეს. პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი? ჩვენ ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.