ბექა ბასილაია - თეიმურაზ ჯანაშია შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლია
ბექა ბასილაია - თეიმურაზ ჯანაშია შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლია

2013 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი ხელმოწერით მიღებულია მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პრეზიდენტის დაცვა, დაევალა იმავე ფუნქციების შესრულება, რა ფუნქციებსაც ასრულებდა პრეზიდენტის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, „პიჯაკების საქმე“ არის შერჩევითი მართლმსაჯულების, პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი დევნის მკაფიო მაგალითი.

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მხრიდან მოვისმინეთ დაანონსებული გამამტყუნებელი განაჩენი ისე, რომ ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან ორი დღის წინ ინტერვიუში ჩვენ მოვისმინეთ ამ საქმესთან დაკავშირებით მისი ვერდიქტი, ივანიშვილი კიცხავდა მარგველაშვილს „პიჯაკების საქმედ“ რატომ მოიხსენიებსო, ეს არის რვა მილიონის გაფლანგვის საქმეო. თუმცა ბიძინა ივანიშვილს არ ახსოვს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. 2013 წლის 15 თებერვალს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი მისი ხელმოწერით მიღებული არის მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პრეზიდენტის დაცვა, დაევალა იმავე ფუნქციების შესრულება, რა ფუნქციებსაც ასრულებდა პრეზიდენტის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ანუ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეშვეობით გასწევდა ხარჯს იგივე ტიპის ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა მიიღო 2013 წლის 15 თებერვალს განკარგულება და ნება დართო პრეზიდენტის დაცვის სამსახურს გაეგრძელებინა მსგავსი ხარჯების გაწევა, რაც 2013 წლის მანძილზე ხორციელდებოდა კიდეც და 2013 წელს არანაკლები თანხებია დახარჯული, ვიდრე წინა პერიოდში პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებით სამსახურის მხრიდან.

დღეს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის გაფლანგვას, ამ პროცესში თვითონ უშუალოდ იყო ჩართული და არა, მხოლოდ ჩართული იყო, არამედ მისი სამართლებრივი აქტია და ეს არ არის რამე სამართლებრივი აქტი, საკანონმდებლო მაცნესა და მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ჩვეულებრივად იძებნება. მის მიერ მიღებული აქტის საფუძველზე ზუსტად იგივე ტიპის ხარჯების გაწევაზე ბიძინა ივანიშვილს განკარგულება აქვს მიღებული შესაბამისად ამ საქმეში, რომ თეიმურაზ ჯანაშია არის შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.