ბექა ბასილაია - სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს დარბაზში და სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე
ბექა ბასილაია - სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს დარბაზში და სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე

სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს დარბაზში და მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას ხელს არაფერი უშლის.

„ნებისმიერი უარი, ნებისმიერი ხელოვნური მოგონილი მიზეზი, მაგალითად, ბადრაგირება ვერ ხდება, კიდევ ერთხელ იქნება იმის ილუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძრწის მიხეილ სააკაშვილის წინაშე და აქვს პანიკური შიში სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამას ისედაც მთელი ამ დროის მანძილზე ვხედავთ.

რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, რასაც ვგეგმავთ, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ვრცელ და კონკრეტულ ინფორმაციებს მოგაწვდით. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს, რომ სააკაშვილის სასამართლო წინაშე წარმოდგენა მოხდეს და ამას ხელს არაფერი უშლის. ის, რომ მე-18 დაწესებულებაში იმყოფება, ეს ხელს არ უშლის. თუ შეძლეს და მოიტაცეს, მოიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სასამართლოში მოყვანას წინ რა უდგას, ან სამართლებრივი თვალსაზრისით, ან ფაქტობრივი თვალსაზრისით“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.