ბექა ბასილაია - საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი როდესაც ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება
ბექა ბასილაია - საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი როდესაც ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება

საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი როდესაც ბრუნდება საქართველოში, ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. აქ არ შეიძლება, იდგეს საკითხი, კონკრეტულმა მესაზღვრემ შეამოწმა თუ არა პასპორტი, არ შეიძლება, იდგეს საკითხი შტამბი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში, ეს არის გმირობის აქტი და ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ასახეს დოკუმენტურად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მრავალი წელი გავა და ქართველი ხალხი იამაყებს მესამე პრეზიდენტის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.