ბექა ბასილაია - სააკაშვილის უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ არის, აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში
მდგომარეობა, როდესაც გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება. ძალიან მოკლე დროში უკვე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა, – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი სერიოზული რისკის ქვეშ დგას.
„მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ პრეპარატს, არანაირ მედიკამენტს, ის ამ დრომდე იღებს იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. შესაბამისად, მდგომარეობა, როდესაც ის გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება. ძალიან მოკლე დროში უკვე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა. არანაირი უფლება არ არის გარანტირებული. მეტიც, აქ მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. მისი ფიზიკური უსაფრთხოებაც დგას უკვე სერიოზული რისკის ქვეშ.
როდესაც ჩვენ შევედით, განსაკუთრებით გამოსვლისას, მთელი ციხე, ყველა კორპუსი ორგანიზებულად ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი, მიმართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. გუშინ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, 15 წლის ბავშვი ელოდა მამასთან შეხვედრას, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ კორპუსებში 15 წლის ბავშვმა როგორ უნდა გაიაროს. ხვალ ჩამოდის უკრაინის დელეგაცია, როგორ წარმოგიდგენიათ, ლიზა იასკომ და დელეგაციამ იქ როგორ უნდა გაიაროს. მიშა ყიფშიძემ, რომელიც არის მიხელ სააკაშვილის ექიმი, როგორ უნდა გაიაროს იქ. მხოლოდ გავლაზე არაა საუბარი, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს პრევენციის არც თავი და არც სურვილი, ყოველი მორალური ტერორი, ობსტრუქცია და მუქარა სინამდვილეში, მიმართულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისადმი, პოლიციისადმი, ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისკენ. მიხეილ სააკაშვილი სადაც არის მოთავსებული, იქ არის ერთგვარი პოსტი რამდენიმე თანამშრომლის. ეს ნიშნავს, რომ დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი, ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვის და ორგანიზების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს აქ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
როგორც ბასილაია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
„დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს აქედან მისი გადაყვანა. როგორ გგონიათ, ადვოკატები როგორ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, ტელეფონით. დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობაც არ არის, კლიენტთან კონფიდენციალური ურთიერთობის. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ამაში იღებს მონაწილეობას მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ეს უნდათ გააკეთონ ერთობლივი მონაწილეობით. ჩვენ ვიცით, კრიმინალს როგორ აქტიურად იყენებს ხოლმე ხელისუფლება თავისი მიზნების მისაღწევად. აქ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეუძლებელია ნორმალური პროცესის წარმართვა, აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.