ბექა ბასილაია - პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როცა სააკაშვილის მდგომარეობა იქნება უაღრესად მძიმე ან ხალხი გაიმარჯვებს პროტესტით და ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან
ბექა ბასილაია - პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს, როცა სააკაშვილის მდგომარეობა იქნება უაღრესად მძიმე ან ხალხი გაიმარჯვებს პროტესტით და ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

„სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა. პროკურორის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების წინააღმდეგი არ არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სხვა საქმეზე მსჯავრდებულია.

„ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, არ ვიქნებით წინააღმდეგი, ეს მექანიზმი გამოიყენოს სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა იყო ფორმალური საფუძველი ტელეფონის უფლების შეზღუდვაზე.

„ახლა, დარწმუნებული იყავით, იმ ციხეში ტელეფონს გააფუჭებენ. ჯერ არ მიუციათ ნება, პროკურატურას არ დარჩა სამართლებრივი ბერკეტი, მაგრამ პატიმრობის გაუქმების შესახებ ციხე იტყვის, რომ განჩინება მოგვივიდა, თუმცა პროკურატურას დამატებითი მიმართვა არ გამოუგზავნია, და ისინი არ გაგზავნიან დამატებით მოთხოვნას, ამიტომ არ მივცემთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს.

„სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე.

მინდა, მივმართო საზოგადოებას, მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვკვებავდნენ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, კვებავდნენ იმით, როგორ საშიში დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენაზე. ვხედავთ, სასამართლო სისტემა როგორ არის აბსოლუტურად მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე არანაირი რეაქცია მათ არ აქვთ.

ვხედავთ პროკურორებს, რომლებიც არიან ქცეულნი დავალების შემსრულებლებადაც კიარა, სუს-ის მესიჯების გამტარებლად, რომ დაედგათ სცენა, ვითომ პროკურატურა ითხოვდა დისტანციურად პროცესის გამართვას და სასამართლო ამაში შეეწინააღმდეგა. სრულიად უადგილო ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა და მას შემდეგ, რაც სასამართლომ თქვა, ამ ფორმით არ განვიხილავო, მაშინ მიჩუმდნენ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბასილაიას განმარტებით, პროკურატურა ელოდება მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება.

„ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როცა მიხელ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის მერე დაიწყებენ, ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის უბრალოდ. ელოდებიან, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ელოდებიან მდგომარეობას, როცა ხალხი გატყდება. ეს არ მოხდება, არ მოხდება, რადგან ყველა ხედავს, რა უსამართლობას აქვს ადგილი. ახლა ჩანიშნავენ პროცესებს ერთი კვირის, 10 დღის ფარგლებში და ამ პერიოდში დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას. თუ შემდეგ პროცესზე უზრუნველყოფენ გადმოყვანას, დღეს რატო არ გააკეთეს?“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არის ბლეფი.

„ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილიყო დესტრუქცია. ხო გადაიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში, მოხდა რამე? ახლა სასამართლოშიც გადმოეყვანათ, რა უშლიდათ ხელს? ეს საშიშროება რეალურად არ არსებობს.

პენიტენციური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ გადმოვიყვანოთ, შეიძლება, ხელი შეგვეშალოსო. როგორ გადაიყვანეს მე-12-დან მე-18-ში, რა სისულელეა, ვინ დააყენებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეჭქვეშ. მით უმეტეს, ოპოზიცია ამას გააკეთებს, რომ საბადრაგო მანქანას დაესხას თავს? ეს ვის წარმოუდგენია, ვის მახინჯ ტვინში იხარშება.

თუ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გასამართლებული, ეს არ არის ორდინალური პროცესი, უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს საქართველოში პატიმრობაში და ამ დროს არ ეძლეოდეს სასამართლო დარბაზში მოსვლის შესაძლებლობა.

უფრო გადაწიეს, ვინიცობაა და სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდეს, იქნებ, მომდევნო კვირაში ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოცხადდესო, ჩანიშნეს 29-ში, როცა მისი მდგომარეობა იქნება ან უაღრესად მძიმე ან არადა ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პროტესტით და ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.