ბექა ბასილაია - ამდენი წელია, მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია და წარადგინონ 
ბექა ბასილაია - ამდენი წელია, მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია და წარადგინონ 

ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია, ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია და წარადგინონ სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლის ეშინია.

„გუშინ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ჩავიბარეთ პროკურატურის დადგენილება ზარის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ციხიდან შეიძლება, მიშამ მოწმეებს დაურეკოსო. ამ ადამიანის მიმართ რვა წელია, დევნა მიმდინარეობს და თავისუფლებაში იყო, უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში, მაშინ დაურეკავდა ვინმეს, დარეკვის სურვილი რომ ჰქონოდა. ვინმეს სმენია, რომ მიშა თავისი საქმის მიმდინარეობისას რაიმე კომუნიკაციაში იმყოფებოდა პროკურატურის მოწმეებთან? ეს არის აბსურდი.

რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ადამიანს ამდენი წელი ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო. ჩამოსულია, წარადგინონ სასამართლოს წინაშე, მაგრამ მათ ეშინიათ, რომ მეორე ტურების წინ მიშა სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენა უპირობო განმაპირობებელი იქნება „ქართული ოცნების“ მარცხის. მიშას მთავარი გზავნილიც ეს არის, მეორე ტურებში ყველა უნდა დავირაზმოთ და უნდა დავიწყოთ ადგილობრივი დონიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება. ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რამდენადაც არსებით განხილვაზე გასაჩივრების მექანიზმი არ არის, თუმცა ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საერთაშორისო პარტნიორს მიეწოდება და დღეს უკვე ლუსტრირებულია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების მოლოდინი მიშას საქმეებზე არავის არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, ადვოკატი იმედოვნებს, რომ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაცია ექიმ ნიკა ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას მისცემს.

„იმედი მაქვს, რომ პენიტენციური სამსახური ნიკა ყიფშიძეს კვლავ მისცემს მიშას მონახულების შესაძლებლობას, ეს არ არის კომფორტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი მოშიმშილე ადამიანისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.