ბენიამინ ნეთანიაჰუს პარლამენტში გამოსვლა მძევლების ოჯახის წევრების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ვერ მოახერხებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე.

„არ გავჩერდებით გამარჯვებამდე, რადგან სხვა ქვეყანა და სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ყველა მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის, ოპერატიული ზეწოლისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. ამიტომ არის ერთი რამ, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ: ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას”-აღნიშნა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში უსმენდნენ მძევლების ოჯახის წევრები, რომელთაც მძევლების ფოტოები ეჭირათ. ისინი პერიოდულად ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას აწყვეტინებდნენ და სკანდირებდნენ სიტყვას – „ახლავე“.

ნოემბრის ბოლოს აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შედეგად სავარაუდო 240 მძევლიდან ღაზაში ტყვეობაში მყოფი 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა.