ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ თელ ავივში აქცია გაიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკა თელ ავივში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის მიდგომები, თუ როგორ მართავს მთავრობა კონფლიქტს ღაზაში. მომიტინგეები მოითხოვდნენ ღაზაში ომის დასრულებას და ცეცხლის შეწყვეტას. ისინი აცხადებდნენ, რომ ამ გზით „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლები სახლში დაბრუნებას შეძლებენ.
აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ პოლიციის ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ ხალხის დაშლას თელ ავივის მთავარ მაგისტრალზე.
ისრაელმა ღაზაზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმაზე საპასუხოდ, რომლის დროსაც დაჯგუფების მებრძოლები შეიჭრნენ ღაზიდან სასაზღვრო თემებში, მოკლეს დაახლოებით 1 200 და მძევლად აიყვანეს, სულ ცოტა, 250 ადამიანი.