ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ, ბენი განცმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა
ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ, ბენი განცმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბენი განცმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. მას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის მიცემული ვადა 20 ნოემბერს, შუაღამისას ამოეწურა.

მანამდე მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ნეთანიაჰუს ჰქონდა, თუმცა კაბინეტის ფორმირება ვერც მან შეძლო. ამგვარად, ალბათობა, რომ ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, სულ უფრო მაღალია.

ახლა 21 დღის განმავლობაში ისრაელის პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, მთავრობის ფორმირების მანდატი ქნესეთის 120 წევრიდან ნებისმიერ კანონმდებელს გადასცენ. თუ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ისიც ვერ შეძლებს, 90 დღის განმავლობაში არჩევნები დაინიშნება.

17 სექტემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მოპოვება. ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-ადგილიან ქნესეთში 32 ადგილი მოიპოვა, ბენი განცის „ლურჯმა და თეთრმა“ კი – 33.