კორუფციის საქმეზე ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ განახლდება
კორუფციის საქმეზე ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ განახლდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არჩევნების შემდეგ განახლდება. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების წარდგენა 5 აპრილს დაიწყება.

ნეთანიაჰუს ბრალი 2019 წელს წაუყენეს საქმეებში, რომელიც ეხებოდა მილიონერი მეგობრების საჩუქრებს და მარეგულირებელ ორგანოებში მედიაბიზნესის მფლობელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მცდელობას, პოზიტიური კუთხით გაშუქების სანაცვლოდ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ცენტრალური საკითხი იყო სამი არჩევნების განმავლობაში, რომელშიც აშკარა გამარჯვებული არ გამოვლენილა. ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები 23 მარტს გაიმართება.

ნეთანიაჰუ 2009 წლის შემდეგ უწყვეტად არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას ის 1996-1999 წლებშიც იკავებდა.