ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მსახიობები და პოლიტიკოსები დააკავეს, მათ შორის არის სიუზან სარანდონიც
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ მსახიობები და პოლიტიკოსები დააკავა.
ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი, „ემის“ პრემიის მფლობელი ჰანა აინბინდერი, კონგრესის დემოკრატი კანდიდატი დარიალიზა ავილა შევალიე და ნიუ იორკის საქალაქო საბჭოს წევრი ჩი ოსე.
აქცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამდე გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო Jewish Voice for Peace, ებრაელი აქტივისტების ჯგუფი, რომელიც პალესტინელებს უჭერს მხარს.
გაერო-ს შენობის წინ დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს თეთრი მაისურები ეცვათ წარწერებით: „დააფინანსე ადამიანები და არა ბომბები“; „არა ომს“ და „თავისუფლება პალესტინას“.
დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ადამიანების ნაწილმა ტროტუარზე გადაინაცვლა, თუმცა დემონსტრანტების ძირითადი ჯგუფი ადგილზე დარჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დიპლომატების დიდმა ნაწილმა დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვა. ისრაელის პრემიერმა მათ „მორალური ლაჩრები“ უწოდა.