ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას უბრძანა, დასავლეთ სანაპიროს სრული დახურვისთვის მოემზადონ და ქალაქი ჰებრონი ალყაში მოაქციონ, რათა „ჰამასის“ მხრიდან ტერორისტული თავდასხმის საფრთხე აიცილონ
ისრაელის მთავრობამ არმიას უბრძანა, დასავლეთ სანაპიროს სრული დახურვისთვის მოემზადონ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ისრაელი დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ჰებრონთან ტერორისტული თავდასხმის მომზადებას ასახელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მიეცათ, ჰებრონი ალყაში მოექციათ და პალესტინის ტერიტორიის სრული ჩაკეტვისთვის მომზადებულიყვნენ.
„ახლახან დავასრულე უსაფრთხოების შეფასება თავდაცვის მინისტრთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და ისრაელის თავდაცვის ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურთან. როგორც ჩანს, „ჰამასის“ ტერორისტები გეგმავდნენ მასშტაბურ თავდასხმას, რომლის მიზანიც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა იყო, რასაც მოწმობს აღმოჩენილი დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა ეს თავდასხმა გამბედაობითა და მონდომებით ჩაშალეს. ვაქებ მათ ქმედებებს და ვუსურვებ ჩვენს დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს და უსაფრთხოების ძალებს, დაუყოვნებლივ შემოღობონ ქალაქი ჰებრონი და მიიღონ უსაფრთხოების დამატებითი ზომები იუდეიდან და სამარიიდან მომდინარე ტერორისტული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
იქამდე კი ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ორი შეიარაღებული პირი მოკლა, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლი გახსნეს. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მათივე თქმით, აღიკვეთა „ტერორისტული თავდასხმა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, ამასთან შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ M16-ის ტიპის შაშხანა და პისტოლეტი.