ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს მიმართა - არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ, მადლობა უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის
ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს მიმართა - არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ, მადლობა უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის

გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის და შეთავაზების წარდგენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი არის უდიდესი მეგობარი ისრაელის სახელმწიფოსთვის.

„პრეზიდენტო ტრამპ, ქნესეთი მოგესალმებათ თქვენ და თქვენს შესანიშნავ დელეგაციას იერუსალიმში, მარადიულ დედაქალაქში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც აღიარეთ იერუსალიმი ჩვენს დედაქალაქად და გადმოიტანეთ აქ საელჩო. მადლობა ამისთვის. უამრავი მიზეზი გვაქვს მადლობისთვის თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ. მადლობა ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის გოლანის მაღლობებზე, მადლობა, რომ წინ აღუდექით ტყუილებს ისრაელის წინააღმდეგ გაერო-ში; მადლობა 2020 წლის სამშვიდობო გეგმაში ჩვენი უფლებების აღიარებისთვის იუდეასა და სამარიაში, ებრაელი ხალხის უძველეს სამშობლოში; მადლობა ისტორიული „აბრაამის შეთანხმების“ გაფორმებისთვის; მადლობა, რომ გახვედით საშინელი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან; მადლობა სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისა და მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, დაგეწყოთ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“. ეს არის ყველაზე შესაფერისი სახელი სამხედრო ოპერაციისთვის, რადგან თქვენ მართლაც დაამარცხეთ ისინი. ეს მხოლოდ ნაწილია სიისა, მაგრამ საკმარისია, რათა დაადასტუროს, რომ დონალდ ტრამპი არის უდიდესი მეგობარი ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თეთრ სახლში გვყოლია. არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის და შეთავაზების წარდგენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვა. წინადადება, რომელმაც დააბრუნა მძევლები და წინადადება, რომელიც ასრულებს ომს, ჩვენი ყველა მიზნის მიღწევით, რომელიც ჩვენს რეგიონში ისტორიული მშვიდობის გასავრცელებლად ხსნის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.