ბენიამინ ნეთანიაჰუ – ვიღაცამ თქვა, პირველი ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც ბირთვული იარაღი ექნება, ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა იქნებაო, უზრუნველვყოფთ, რომ ირანი მეორე არ იქნება

16:13, 15.08.2026

ვიღაცამ თქვა, რომ პირველი ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც ბირთვული იარაღი ექნება, ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა იქნებაო. უზრუნველვყოფთ, რომ ირანი მეორე არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის რადიოს პოდკასტში ისაუბრა.

ინტერვიუში ისრაელის ლიდერმა შეაქო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ვაჟი – რენდოლფ ჩერჩილი 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ისრაელის პოზიტიური გაშუქებისთვის.

„შეეცადეთ, ეს ახლა იპოვოთ იმ ქვეყანაში, რომელსაც ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა ეწოდება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ დაეთანხმა წამყვანის შენიშვნას, რომ „განა მთელი ევროპა ახლა ასე არ არის?“ და დასძინა: „დიახ, მაგრამ ვიღაცამ თქვა, პირველი ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც ბირთვული იარაღი ექნება, დიდი ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა იქნებაო“.

ნეთანიაჰუს განცხადებას ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და თქვა, რომ საკითხი ისრაელის მთავრობასთან განიხილეს.

დასავლური მედიის შეფასებით, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბარნემი ჰყავს. თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე კვირით ადრე ბარნემმა ბოდიში მოიხადა ღაზის სექტორში ომზე ლეიბორისტული პარტიის თავდაპირველი რეაქციის გამო და თქვა, რომ „უკეთესად“ უნდა ემოქმედათ. მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმები და დიდ ბრიტანეთში ანტისემიტური ინციდენტები, ბარნემმა თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, „ცალსახად გავაკრიტიკოთ ღაზაში მომხდარი“.

„ღაზაში აუტანელი ტანჯვა ნაიარევია ჩვენს კოლექტიურ სინდისზე. სრულიად მიუღებელია, რომ უდანაშაულო პალესტინელებს, მათ შორის ბავშვებს, კვლავ კლავენ“, – განაცხადა ბარნემმა ივლისის დასაწყისში და დასძინა, რომ ვესტმინსტერმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს ისრაელის მთავრობაზე.

მსგავსი