ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა, შესაძლოა, შეხვედრა გამართოს დონალდ ტრამპთანაც
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება. ამასთან, 24 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის კონგრესსში სიტყვით გამოვა.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერი, შესაძლოა, დონალდ ტრამპსაც შეხვდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ვაშინგტონში გამგზავრებამდე, მედიასთან საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეაფასა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისრაელი აშშ-ის მოკავშირედ დარჩება.
„ვგეგმავ, შევხვდე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელსაც ვიცნობ ორმოც წელზე მეტია. ეს იქნება შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გააკეთა ისრაელისთვის ომში, ასევე საჯარო სამსახურში მისი ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერის განმავლობაში, როგორც სენატორმა, ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ მედიასთან საუბრისას.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მხარეები იმსჯელებენ, როგორ შეძლებენ კონკრეტული მიზნების მიღწევას მომდევნო თვეების განმავლობაში, რაც, ნეთანიაჰუს თქმით, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„ამ ომის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან დღეს, ხვალ და ყოველთვის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.