ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ოქტომბრის დასაწყისში ირანზე დარტყმას გეგმავდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა შეაჩერა – „არასწორი ინფორმაციაა“

15:57, 22.10.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოქტომბრის დასაწყისში ირანზე დარტყმას გეგმავდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რადგან საბრძოლო მოქმედებების განახლება შუალედურ არჩევნებამდე არ სურდა.

„არასწორი ინფორმაციაა“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ მედიას.

მისივე თქმით, არ სურს, გაასაჯაროოს, რაზე ისაუბრეს ლიდერებმა.

ამასთან, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას აპირებდა.

„მას ვუთხარი: „ძალიან გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებით. ფორდოს სახელით ცნობილ ადგილას არის ბუნკერი, შეგიძლიათ, ის დაბომბოთ. გაგვიხარდება, თუ ამას გააკეთებთ, ხოლო თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ და ეს უფრო რთული იქნება. გადაწყვიტეთ“, – გაიხსენა ნეთანიჰუმ ტრამპთან საუბრის დეტალები.

ნეთანიაჰუს განცხადებით, 2025 წელს ირანზე თავდასხმამდე თეირანი ბირთვული ბომბებით ისრაელის განადგურებას აპირებდა.

„ფაინენშალ თაიმსის“ სტატიის მიხედვით, ბენიამინ ნეთანიაჰუ 10 ოქტომბერს ირანზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა დონალდ ტრამპმა შეაჩერა. გავრცელებული ცნობით, იგეგმებოდა დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ელექტროსადგურებზე.

ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. გამოცემის ინფორმაციით, განახლებული სამხედრო მოქმედებები მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური იქნება.

მსგავსი