ბენიამინ ნეთანიაჰუ – შეთანხმებით ირანსა და „ჰეზბოლას” ვეუბნებით, რომ მათ ლიბანში არანაირი როლი არ აქვთ, ისრაელს შეუძლია, უსაფრთხოების ზონა შეინარჩუნოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანთან მიღწეულ ჩარჩო შეთანხმებას „ისრაელისთვის ისტორიული მიღწევა“ უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დასრულებას და შექმნის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივას.
პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმება „დიდი დარტყმაა“ ირანისა და „ჰეზბოლასთვის“.
„ჩვენ ამ ზონას შევინარჩუნებთ მანამ, ვიდრე „ჰეზბოლა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფები არ განიარაღდებიან და ვიდრე ლიბანიდან ისრაელისთვის საფრთხე აღარ იარსებებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ირანს სურდა ისრაელის ძალების სამხრეთ ლიბანიდან გაყვანის უზრუნველყოფა, თუმცა მან ამას წინააღმდეგობა გაუწია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმება ირანისთვის ისრაელის, ლიბანისა და შეერთებული შტატების ერთობლივ გზავნილს წარმოადგენს.
„ამ შეთანხმებით ჩვენ ფაქტობრივად ვეუბნებით ირანს: ეს თქვენი საქმე არ არის. აქ არ გაქვთ სტატუსი, ჩართულობა და როლი – არც თქვენ, არც „ჰეზბოლას“ და არც რომელიმე ტერორისტულ ჯგუფს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ორ მცირე ტერიტორიას დატოვებს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის საპილოტე პროექტის ნაწილი, რომლის მიზანიც „ჰეზბოლას“ განიარაღებაა.
ნეთანიაჰუმ რუკაზე აჩვენა აღნიშნული ტერიტორიები და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი სრულად უსაფრთხოების ზონის მიღმა მდებარეობს, ხოლო მეორე ზონის ზღვარზეა – იმ ტერიტორიაზე, რომლის შენარჩუნების სამხედრო საჭიროებაც, მისი თქმით, ისრაელს აღარ აქვს.
მისივე განცხადებით, საბოლოოდ, ისრაელი შეინარჩუნებს მთელ იმ უსაფრთხოების ზონას, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელის დასაცავად სჭირდება.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აპირებს ვაშინგტონში დელეგაციის გაგზავნას, რათა შეერთებულ შტატებს ირანთან შესაძლო გრძელვადიან შეთანხმებაში ისრაელის უსაფრთხოების ინტერესები გააცნოს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მხარე არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანას საკუთარი ინტერესები არ გააჩნია.
„თავიდანვე ვთქვით, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების მხარეები არ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ინტერესები არ გვაქვს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი საკუთარ პოზიციას მკაფიოდ დააფიქსირებს, განსაკუთრებით კი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ინტერესები და მათ გავაცნობთ. სხვათა შორის, მთავარ საკითხთან – ბირთვულ საკითხთან დაკავშირებითაც. ვაპირებ დელეგაციის გაგზავნას ვაშინგტონში, რათა განვმარტოთ, რა არის ისრაელის ინტერესები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, მისი შეფასებით, მხარი დაუჭირა უსაფრთხოების ზონის კონცეფციას.