ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ისრაელი ძლიერი სამხედრო შეტევით უპასუხებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ისრაელი ძლიერი სამხედრო შეტევით უპასუხებს

პალესტინის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ისრაელი ძლიერი სამხედრო შეტევით უპასუხებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ირანის მიერ ინსპირირებულ ესკალაციაში პასუხისმგებლები „ჰამასის“ რეჟიმი, „ისლამური ჯიჰადი“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები არიან. არ ვაპირებ, ჩვენი გეგმების დეტალები საჯაროდ განვაცხადო, რადგან არ მინდა, მტერმა ეს წინასწარ იცოდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც ისინი გვიტევენ, დაუყოვნებელ საპასუხო ქმედებებს ვიღებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, 29 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მიმართულებით განხორციელდა. ოფიციალურმა თელ-ავივმა იერიში 2014 წლის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ინციდენტად შეაფასა და საპასუხო ზომები მალევე მიიღო.

ქვეყნის ავიაციამ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 35 ობიექტი დაბომბა. შედეგად განადგურდა იარაღის საწყობები, სამხედრო ცენტრები, საიდუმლო გვირაბი და სამხედრო-საზღვაო ობიექტები.

დაპირისპირების შემდეგ მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. დაბომბვა შეწყვიტა ისრაელმაც. თუმცა როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, პალესტინის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ისრაელი ძლიერი სამხედრო შეტევით უპასუხებს.